-
-
მოგვწერეთ
ორტეგა ი გასეტმა 1929 წლის თებერვალში მადრიდის უნივერსიტეტში დაიწყო ლექციების კურსის კითხვა თემაზე - „რა არის ფილოსოფია?“. ესპანეთის ისტორიაში ესაა დრო საყოველთაო-სახალხო მღელვარებისა, როცა დაიწყო მოძრაობა გენერალ პრიმო დე რივერას დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ. გენერალმა სცადა მკაცრი რეპრესიებით ჩაეხშო მღელვარება. მადრიდის უნივერსიტეტში „სახალხო გვარდია“ შეიყვანეს. რექტორი და ფაკულტეტების ყველა დეკანი თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. როცა ამან სასურველი შედეგი არ გამოიღო, დიქტატორმა საერთოდ დახურა უნივერსიტეტი. ასე რომ, ორტეგა იძულებული შეიქნა თეატრში განეგრძო ლექციების კითხვა (1929 წლის 16 აპრილიდან 17 მაისამდე). შინააშლილობის მიუხედავად, ლექციების კურსმა ცხოველი ინტერესი გამოიწვია და ორტეგას მტკიცედ დაუმკვიდრა ადგილი იმდროინდელი ევროპის უთვალსაჩინოეს ფილოსოფოსთა შორის.